---
title: "მუხლი 77. სამეწარმეო საზოგადოების რედომიცილება — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/77"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "77"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 77. სამეწარმეო საზოგადოების რედომიცილება — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 77 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/77

1. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მეწარმის რეგისტრაცია შეიძლება გადმოტანილ იქნეს საქართველოში, ისე, რომ არ დაირღვეს მეწარმის საქმიანობის უწყვეტობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მეწარმე შეიძლება დარეგისტრირდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით.

3. საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმეს უფლება აქვს, მისი რეგისტრაცია გადაიტანოს უცხო ქვეყანაში, ისე, რომ არ დაირღვეს მეწარმის საქმიანობის უწყვეტობა, შემდეგი პირობების არსებობისას:
ა) ამ ქვეყანასთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით არ არის აკრძალული აღნიშნულ უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მეწარმის რეგისტრაციის სხვა ქვეყანაში გადატანა;
ბ) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმის წინააღმდეგ საქართველოში არ მიმდინარეობს სასამართლო დავა ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ან სისხლის სამართლის საქმის წარმოება;
გ) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმის რეგისტრაციის უცხო ქვეყანაში გადატანის დროისთვის მეწარმეს საქართველოს საგადასახადო ორგანოების მიმართ საგადასახადო დავალიანება არ აქვს.

4. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მეწარმის რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანა არის მეწარმის რეორგანიზაციის ტოლფასი და მასზე ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის მომწესრიგებელი ნორმები, მათი შინაარსის გათვალისწინებით.

5. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მეწარმის რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანისა და საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს რეგისტრაციის უცხო ქვეყანაში გადატანის წესი და პირობები განისაზღვრება ინსტრუქციით.
თავი IX
სამეწარმეო საზოგადოების დაშლა. ხარვეზიანი საზოგადოება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/76.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/78.md
