---
title: "მუხლი 86. ლიკვიდაციის პროცესში კრედიტორთა დაცვა — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/86"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "86"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 86. ლიკვიდაციის პროცესში კრედიტორთა დაცვა — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 86 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/86

1. ქონება შეიძლება განაწილდეს მხოლოდ სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებების დაფარვიდან და სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან 5 თვის შემდეგ. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ქონება შეიძლება განაწილდეს სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან 3 თვის შემდეგ, თუ არსებობს დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა, რომ ყველა ვალდებულება შესრულებულია და, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ქონების განაწილება საფრთხეს არ უქმნის მესამე პირთა უფლებებს.

2. თუ ცნობილი კრედიტორები არ განაცხადებენ თავიანთი მოთხოვნების შესახებ, ქონება შეიძლება განაწილდეს მხოლოდ მათი მოთხოვნების შესაბამისი ღირებულების სასამართლოს ან ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების შემდეგ.

3. თუ ვალდებულება სადავოა ან მისი შესრულების ვადა არ დამდგარა, ქონება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში განაწილდეს, თუკი კრედიტორს წარედგინება ვალდებულების ტოლფასი უზრუნველყოფა.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საპენსიო ფონდი (შემდგომ − საპენსიო ფონდი) ამ კანონის მიზნებისთვის არ არის კრედიტორი. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მონაწილის საკუთრებაში არსებულ საპენსიო აქტივებთან მიმართებით კრედიტორი/კრედიტორები არის/არიან შესაბამისი მონაწილე ან მონაწილის მემკვიდრე/მემკვიდრეები. ამ კანონის შესაბამისად ლიკვიდატორის მიმართვის შემთხვევაში საქართველოს საპენსიო ფონდი ვალდებულია აღნიშნულ პირს/პირებს მიაწოდოს ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაცია შესაბამისი დამსაქმებლის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების შესახებ, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან − შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ მონაცემებთან შედარების შედეგად მიღებული ინფორმაცია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3604 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4314 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/85.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/87.md
