---
title: "მუხლი 14. ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის სამეურნეო მიზნით გამოყენება — ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/14"
law: "ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 5270736"
adopted: "2021-11-02"
consolidated_as_of: "2025-03-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის სამეურნეო მიზნით გამოყენება — ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-03-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2025-03-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/14

1. ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრე უფლებამოსილია ეს მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი სამეურნეო მიზნით გამოიყენოს, თუ ეს ხელს არ უშლის მის დანიშნულებისამებრ გამოყენებას.

2. ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის სამეურნეო მიზნით გამოყენება გულისხმობს ქარსაფარ ზოლში არსებული ამორტიზებული მერქნული რესურსებით, აგრეთვე მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით, არამერქნული რესურსებით (სოკო, სამკურნალო და საკვები ბალახეულობა, ტექნიკური ნედლეული, თუთის ფოთოლი, ბუჩქოვანი მცენარეების პროდუქტები და სხვა) და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით (თესლი, ნაყოფი, კალამი, ძირკვი, ფიჩხი, ნეკერი და სხვა) სარგებლობას და სხვა.

3. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია მის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი სამეურნეო მიზნით გამოყენებისთვის სარგებლობის უფლებით გადასცეს დაინტერესებულ პირს მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

4. მუნიციპალიტეტის მიერ მის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის სამეურნეო მიზნით გამოყენებისთვის დაინტერესებული პირისთვის სარგებლობაში გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული წესით.

5. სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი სამეურნეო მიზნით გამოყენებისთვის სარგებლობის უფლებით გადასცეს დაინტერესებულ პირს მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. სააგენტო აღნიშნული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ინფორმაციას 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5270736-karsapari-mindordatsviti-zolis-shesakheb/15.md
