---
title: "მუხლი 18. მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები — მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/18"
law: "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ"
article: "18"
identifier: "1455-VIIIმს-Xმპ"
adopted: "2022-03-29"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები — მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/18

1. მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი მომსახურება გაუწიოს.

2. მომხმარებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილების ან ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში მოვაჭრეს უნდა განუსაზღვროს მომსახურების გაწევის/ნაკლის აღმოფხვრის გონივრული დამატებითი ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, მომსახურების ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს. არათანაზომიერი ან შეუსაბამოდ დიდი ხარჯი განისაზღვრება ამ კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით.

3. დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს:
ა) მოვაჭრის ხარჯით მომსახურების გაწევა ან ნაკლის აღმოფხვრა სხვა პირს შესთავაზოს;
ბ) მოითხოვოს მომსახურების ფასის ადეკვატური შემცირება;
გ) უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ვადის განსაზღვრა სავალდებულო არ არის, თუ აშკარაა, რომ ამას არავითარი შედეგი არ ექნება, ან მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულება მომსახურების დროულად მიღებას დაუკავშირა.

5. თუ მოვაჭრემ დროულად არ დაიწყო მომსახურების გაწევა ან მომსახურების პროცესი უსაფუძვლოდ ჭიანურდება, რაც მომსახურების დათქმულ ვადაში გაწევას შეუძლებელს ხდის, მოვაჭრეს არ აქვს უფლება, მოითხოვოს მომსახურების პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურება, აგრეთვე გაწეული მომსახურების საზღაური, თუ მომხმარებელმა ხელშეკრულების ნაწილობრივი შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/19.md
