---
title: "მუხლი 24. უსამართლო კომერციული საქმიანობის აკრძალვა — მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/24"
law: "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ"
article: "24"
identifier: "1455-VIIIმს-Xმპ"
adopted: "2022-03-29"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. უსამართლო კომერციული საქმიანობის აკრძალვა — მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/24

1. უსამართლო კომერციული საქმიანობა აკრძალულია.

2. უსამართლოა კომერციული საქმიანობა, რომელიც კეთილსინდისიერების მოთხოვნებს ეწინააღმდეგება და არსებითად უარყოფითად ცვლის ან შესაძლოა შეცვალოს საშუალო მომხმარებლის ეკონომიკური ქცევა იმ საქონელთან ან მომსახურებასთან მიმართებით, რომელიც მას მიაწოდეს ან მისთვის არის განკუთვნილი, ან ახდენს ან შესაძლოა მოახდინოს არსებითი უარყოფითი გავლენა მომხმარებელთა ჯგუფის საშუალო წევრის ეკონომიკურ ქცევაზე, როდესაც კომერციული საქმიანობის ადრესატი მომხმარებელთა განსაზღვრული ჯგუფია.
#
3. ისეთი კომერციული საქმიანობის უსამართლოდ მიჩნევისთვის, რომელმაც შესაძლოა არსებითად უარყოფითად შეცვალოს მომხმარებელთა მხოლოდ იმ ჯგუფის ეკონომიკური ქცევა, რომელიც საკუთარი გონებრივი ან ფიზიკური შესაძლებლობის ან/და ასაკის გამო განსაკუთრებით მოწყვლადია, გაითვალისწინება მომხმარებელთა ჯგუფის საშუალო წევრის ეკონომიკური ქცევა. კომერციული საქმიანობა უსამართლოდ არ მიიჩნევა, თუ რეკლამაში მოცემული ინფორმაცია გაზვიადებულია ან პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა იქნეს გაგებული.

4. უსამართლო კომერციულ საქმიანობად მიიჩნევა შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა ან აგრესიული კომერციული საქმიანობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/25.md
