---
title: "მუხლი 7. საქონლის მიწოდება — მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/7"
law: "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ"
article: "7"
identifier: "1455-VIIIმს-Xმპ"
adopted: "2022-03-29"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. საქონლის მიწოდება — მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/7

1. მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს საქონელი დაყოვნების გარეშე, მაგრამ ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ მოვაჭრემ ვალდებულება მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში არ შეასრულა, მომხმარებელმა მოვაჭრეს უნდა განუსაზღვროს გონივრული დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. დამატებითი ვადის გასვლის შემდეგ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ვადის განსაზღვრა სავალდებულო არ არის, თუ აშკარაა, რომ ამას არავითარი შედეგი არ ექნება, ან მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულება საქონლის დროულად მიღებას დაუკავშირა.

4. თუ მომხმარებელს საქონელი იმის გამო არ მიეწოდება, რომ იგი ხელმისაწვდომი არ არის, მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5420598-momkhmareblis-uplebebis-datsvis-shesakheb/8.md
