---
title: "მუხლი 11. ჩანაცვლებულ შენობა-ნაგებობაში დაინტერესებული პირებისათვის გადასაცემი ფართის მდგომარეობა — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5459574-kalak-tbilisis-munitsipalitetis-teritoriaze-avariuli-mravalbiniani-sat/11"
law: "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ"
article: "11"
identifier: "10-48"
adopted: "2022-05-06"
consolidated_as_of: "2025-06-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 11. ჩანაცვლებულ შენობა-ნაგებობაში დაინტერესებული პირებისათვის გადასაცემი ფართის მდგომარეობა — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2025-06-19), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/5459574-kalak-tbilisis-munitsipalitetis-teritoriaze-avariuli-mravalbiniani-sat/11

1. ჩანაცვლებულ შენობა-ნაგებობაში გადასაცემი საცხოვრებელი, კომერციული და საოფისე ფართი თეთრი კარკასის მდგომარეობით მოიცავს შემდეგ სამუშაოებს:
ა) ფართის გარე პერიმეტრზე მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის სტანდარტული მასალით და ფურნიტურით დამონტაჟებას;
ბ) ფართში შესასვლელი რკინის კარის დამონტაჟებას, საკეტით;
გ) შიდა კედლების სატიხრე ბლოკით ამოყვანასა და გალესვას;
დ) იატაკის მოჭიმვას ცემენტის ხსნარით, სველი წერტილების გარდა;
ე) ცენტრალური ელექტროგაყვანილობის ფართში შეყვანას;
ვ) შიდა ელექტროგაყვანილობის სტანდარტული ქსელის მოწყობას;
ზ) გაზის გარე ქსელის მონტაჟს (დგარები) მრიცხველის გარეშე;
თ) წყლისა და კანალიზაციის დგარების მონტაჟს;
ი) როზეტებისა და გადამრთველებისთვის ადგილების გამზადებას.

2. ჩანაცვლებულ შენობა-ნაგებობაში დაინტერესებული პირისათვის გადასაცემი საცხოვრებელი ფართის რემონტი მოიცავს შემდეგ სამუშაოებს:
ა) გაზმომარაგების სისტემის მოწყობას;
ბ) საკომუნიკაციო მილგაყვანილობების (წყალი, საკანალიზაციო წყალარინება) მოწყობას;
გ) წყალმომარაგების ქსელის და საკანალიზაციო მილგაყვანილობის დგარების მოწყობას;
დ) ელექტროჩამრთველების, როზეტებისა და სანათების მოწყობას;
ე) გათბობის მილების მოწყობას;
ვ) სააბაზანოში კედლებსა და იატაკებზე კერამიკული ფილების გაკვრა-დაგებას, პლასტიკატის შეკიდული ჭერის მოწყობას, სანიტარიული ფურნიტურის (ხელსაბანი ნიჟარა (შემრევითა და სიფონით), გამწოვი, საშხაპე, უნიტაზი) მონტაჟს, იატაკების მოჭიმვას ქვიშა-ცემენტის ხსნარით;
ზ) სამზარეულოში კედლებსა და იატაკებზე კერამიკული ფილების გაკვრა-დაგებას, წყლის ნიჟარის (შემრევით და სიფონით) მონტაჟს და მისი სადგამი კარადის მოწყობას;
თ) ლამინირებული იატაკის დაგებას;
ი) თაბაშირმუყაოს ფილებით ჭერის მოწყობას, სველი წერტილებისა და აივნების გარდა;
კ) კედლებისა და ჭერის შეფითხვნას და შეღებვას;
ლ) აბაზანის, სამზარეულოსა და აივნის ჰიდროსაიზოლაციო მასალით დამუშავებას;
მ) ფართის შიდა ღიობებში კარის ჩასმას (კომპლექტით);
ნ) ფანჯრის რაფების მოწყობას (შიდა მხარეს).

3. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს მისთვის განკუთვნილი ფართის გარემონტებაზე, რის შესახებაც წერილობითი განცხადება უნდა წარედგინოს პროექტის განმახორციელებელს სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე. რემონტზე უარის გაცხადების შემთხვევაში დაინტერესებულ პირს საცხოვრებელი ფართი ჩაბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით, ხოლო მისთვის კომპენსაციის გაცემა შეწყდება, სხვა დაინტერესებული პირების მსგავსად, ახალ აშენებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში დაინტერესებული პირებისთვის გადასაცემ ბინებზე პროექტის განმახორციელებლის დაკვეთით წარმოებული სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე, რის შესახებაც წერილობით ეცნობება დაინტერესებულ პირს ან/და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეს.

4. ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას დაინტერესებული პირისგან მომდინარე ნებისმიერი ხელშეშლა შესაძლებელია გახდეს პროექტის განმახორციელებლის მხრიდან ამავე პირის სასარგებლოდ შესასრულებელი ნებისმიერი სამუშაოს (მათ შორის, სარემონტო) შესრულებაზე უარის თქმის საფუძველი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №13-77 - ვებგვერდი, 10.08.2022 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის დადგენილება №21-1 - ვებგვერდი, 30.01.2023 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 აპრილის დადგენილება №39-35 - ვებგვერდი, 29.04.2024წ.
თავი V
ავარიული სახლის ჩანაცვლების პირობები იპოთეკის არსებობის შემთხვევაში

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5459574-kalak-tbilisis-munitsipalitetis-teritoriaze-avariuli-mravalbiniani-sat/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5459574-kalak-tbilisis-munitsipalitetis-teritoriaze-avariuli-mravalbiniani-sat/12.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
