---
title: "მუხლი 3. გატარების ძირითადი პრინციპები — მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშებისა და გატარებაში მონაწილე გამანაწილებელი ქსელისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მოვლა-პატრონობის წესი"
url: "https://legal.ge/ka/law/5466446-mesame-pirebis-mplobelobashi-arsebul-kselshi-elektroenergiis-bunebrivi/3"
law: "მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშებისა და გატარებაში მონაწილე გამანაწილებელი ქსელისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მოვლა-პატრონობის წესი"
article: "3"
identifier: "22"
adopted: "2022-05-13"
consolidated_as_of: "2023-11-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 3. გატარების ძირითადი პრინციპები — მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშებისა და გატარებაში მონაწილე გამანაწილებელი ქსელისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მოვლა-პატრონობის წესი

> Text consolidated as of 2023-11-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშებისა და გატარებაში მონაწილე გამანაწილებელი ქსელისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მოვლა-პატრონობის წესი, მუხლი 3 (consolidated as of 2023-11-02), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/5466446-mesame-pirebis-mplobelobashi-arsebul-kselshi-elektroenergiis-bunebrivi/3

1. მოთხოვნის შემთხვევაში ქსელის მფლობელი ვალდებულია, გაატაროს სხვისი კუთვნილი ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი და სასმელი წყალი, სისტემის ოპერატორის ან წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ წინასწარგანსაზღვრულ წერტილამდე.

2. ქსელის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებული ქსელის გამართული მუშაობა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის ამ წესებისა და ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების შესაბამისად. ქსელის მფლობელი ვალდებულია გაწიოს ყველა გონივრული ხარჯი, რაც აუცილებელია აღნიშნული ქსელის გამართულად ფუნქციონირებისთვის.

3. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის/წყალმომარაგების ლიცენზიატის მოთხოვნის შემთხვევაში, ქსელის მფლობელი ვალდებულია, მასთან დადოს გატარების ხელშეკრულება და სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ გაატაროს სხვისი კუთვნილი ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი ან სასმელი წყალი. საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე პასუხისმგებელია სისტემის ოპერატორი ან წყალმომარაგების ლიცენზიატი, ამასთან, ის ვალდებულია უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის მოწყობა, ექსპლუატაცია და გამართული ფუნქციონირება.

4. გატარების ხელშეკრულება სხვა საკითხებთან ერთად უნდა განსაზღვრავდეს ქსელში ავარიის შემთხვევაში რეაგირების მექანიზმებს, ასევე ქსელის მფლობელის ვალდებულებას წყვეტის აღმოფხვრასა და ავარიის შესახებ დროულ ინფორმირებაზე, ისე რომ არ დაირღვეს კომისიის მიერ დამტკიცებული ,,მომსახურების ხარისხის წესებით“ ქსელით მოსარგებლისთვის დადგენილი როგორც ავარიის აღმოფხვრის, ისე საბოლოო მომხმარებელთა ინფორმირების წესი და პროცედურები.

5. თუ გატარების ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, აღდგენითი სამუშაოების კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადებში შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი და წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, ქსელის მფლობელის წინასწარ გაფრთხილების და გონივრულ ვადის გასვლის შემდეგ, თვითონ უზრუნველყოს ქსელის აღდგენითი სამუშაოების განხორციელება და ქსელის მფლობელს მოსთხოვოს ამ მიზნით გაწეული გონივრული ხარჯების ანაზღაურება. თუ ქსელის მფლობელი, აღნიშნული მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში არ აანაზღაურებს გაწეულ ხარჯებს,  გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი და წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია ასანაზღაურებელი თანხა გაქვითოს გატარების  საფასურიდან.

6. თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების გამო ქსელით სარგებლობისთვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის შესაბამისად.

7. მხარეები უფლებამოსილი არიან წინამდებარე წესებით განსაზღვრული გატარების მომსახურების ნაცვლად ურთიერთობა დაარეგულირონ სხვა, ამ წესებისგან განსხვავებული პირობებით, მათ შორის ისეთ შემთხვევაშიც, თუ ქსელის მფლობელი ქსელს არ იყენებს საკუთარი მოხმარებისთვის და არ აქვს ქსელის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით  პირადი ინტერესი.

8. თუ გონივრულობის ფარგლებში მიღებული ზომების მეშვეობით შეუძლებელია გატარების მომსახურებაში მონაწილე ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის, გამანაწილებელი ქსელის, ან წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მესაკუთრის იდენტიფიცირება, ასეთი მოწყობილობის ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის ვალდებულება ეკისრება იმ  გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან წყალმომარაგების ლიცენზიატს, რომელიც სარგებლობს ამ ქსელით/სისტემით და ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5466446-mesame-pirebis-mplobelobashi-arsebul-kselshi-elektroenergiis-bunebrivi/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5466446-mesame-pirebis-mplobelobashi-arsebul-kselshi-elektroenergiis-bunebrivi/4.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
