---
title: "მუხლი 8. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტისა და მინისტრთა კაბინეტის წევრებისადმი ნდობის საკითხის დასმისა და გადაწყვეტის წესი — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/8"
law: "საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 5585536"
adopted: "1992-12-22"
consolidated_as_of: "1994-03-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტისა და მინისტრთა კაბინეტის წევრებისადმი ნდობის საკითხის დასმისა და გადაწყვეტის წესი — საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ

> Text consolidated as of 1994-03-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 1994-03-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/8

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს პარლამენტის წინაშე დასვას მინისტრთა კაბინეტისადმი ნდობის საკითხი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვა იწყება მისი დასმიდან მე-3 დღეს, ხოლო კენჭისყრა ტარდება მე-6 დღეს. დადგენილება მინისტრთა კაბინეტისათვის ნდობის გამოცხადების შესახებ მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ნდობის გამოცხადების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის მიერ დასმული კონკრეტული საკითხი დადებითად გადაწყვეტილად ჩაითვლება. ნდობის გამოცხადებაზე უარის თქმა იწვევს მინისტრთა კაბინეტის გადადგომას.
პარლამენტის თავმჯდომარეს - სახელმწიფოს მეთაურს, პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის სულ ცოტა ერთ მეხუთედს, უფლება აქვთ პარლამენტის წინაშე დასვან პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის ან მინისტრთა კაბინეტის წევრებისადმი ნდობის საკითხი. ამ შემთხვევაში პარლამენტს წარედგინება უნდობლობის მოტივირებული რეზოლუცია. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვა იწყება უნდობლობის რეზოლუციის შეტანიდან მე-3 დღეს, ხოლო კენჭისყრა ტარდება მე-6 დღეს. დადგენილება უნდობლობის გამოცხადების შესახებ მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადება იწვევს მინისტრთა კაბინეტის გადადგომას, ასევე მინისტრთა კაბინეტისათვის, ან მინისტრისათვის უნდობლობის გამოცხადება - შესაბამისად მათ გადადგომას.
უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტი თუ კაბინეტის ცალკეული წევრი აგრძელებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტისა და კაბინეტის წევრის დანიშვნამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 მარტის კანონი  -  პარლამენტის უწყებანი, №16, 31/03/1994

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5585536-sakartvelos-respublikis-ministrta-kabinetis-shesakheb/9.md
