---
title: "მუხლი 3. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნა და მისი მიზნები — ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5614226-nugzar-zazanashvilis-sakhelobis-samukhis-mravalmkhrivi-gamoqenebis-ter/3"
law: "ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 5614226"
adopted: "2022-11-16"
consolidated_as_of: "2022-11-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნა და მისი მიზნები — ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2022-11-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2022-11-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5614226-nugzar-zazanashvilis-sakhelobis-samukhis-mravalmkhrivi-gamoqenebis-ter/3

1. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია იქმნება საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველის − ქურციკის (Gazella subgutturosa) და მასთან დაკავშირებული ეკოსისტემის შენარჩუნებისთვის საჭირო პირობების დასაცავად.

2. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნის მიზნებია:
ა) უზრუნველყოს ქურციკის (Gazella subgutturosa) პოპულაციის აღდგენა, დაცვა და მოვლა;
ბ) უზრუნველყოს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე ბუნებრივი ეკოსისტემების, ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტების, ძეგლების, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს, განსაკუთრებით − გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;
გ) უზრუნველყოს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისთვის მიკუთვნებული წყლის ობიექტების ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა და უწყვეტი მონიტორინგის განხორციელება;
დ) გარემოს დაცვის მოთხოვნებისა და ქურციკის პოპულაციის აღდგენის საჭიროების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს განახლებადი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე ორიენტირებულ, ორგანიზებულ სამეურნეო საქმიანობას;
ე) უზრუნველყოს ადამიანსა და ბუნებას შორის დაბალანსებული ურთიერთობის განვითარება და გაძლიერება;
ვ) ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ და ტრანსსასაზღვრო დონეებზე ხელი შეუწყოს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მდგრად განვითარებას;
ზ) ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონსერვაციისა და ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობისთვის უზრუნველყოს მეცნიერული კვლევა-ძიებისა და გარემოს მონიტორინგის განხორციელება;
თ) უზრუნველყოს საქართველოს დაცული ტერიტორიების ქსელის გაძლიერება და ხელი შეუწყოს მის ერთიანობას;
ი) უზრუნველყოს „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ შესაბამისად შექმნილი ზურმუხტის ქსელის ტერიტორიების მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება და ზურმუხტის ქსელის განვითარება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5614226-nugzar-zazanashvilis-sakhelobis-samukhis-mravalmkhrivi-gamoqenebis-ter/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5614226-nugzar-zazanashvilis-sakhelobis-samukhis-mravalmkhrivi-gamoqenebis-ter/4.md
