---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და მიზანი — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/1"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და მიზანი — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/1

1. ეს კანონი ადგენს საჯარო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საჯარო შესყიდვების განხორციელების წესს, საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს უფლებამოსილებასა და დავის განხილვის წესს.

2. ამ კანონის მიზანია:
ა) უზრუნველყოს საჯარო შესყიდვებისთვის განკუთვნილი ფულადი სახსრების ეფექტიანად, რაციონალურად, გამჭვირვალედ და კანონის მოთხოვნების შესაბამისად ხარჯვა იმ წესების დადგენით, რომლებიც უნდა დაიცვან ნებისმიერმა შემსყიდველმა ორგანიზაციამ და ეკონომიკურმა ოპერატორმა, აგრეთვე საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართულმა ნებისმიერმა სხვა პირმა;
ბ) უზრუნველყოს საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართულ პირთა კეთილსინდისიერი ქცევა და ანგარიშვალდებულება ისეთი მოთხოვნების დაწესებით, რომ ამ პირთა გადაწყვეტილებები და ქმედებები, მათი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების ჩათვლით, იყოს ყოველგვარი პოლიტიკური, მატერიალური და პირადი ინტერესებისგან თავისუფალი, გამჭვირვალე, ამ კანონის შესაბამისი და არ იყოს მიკერძოებული და დისკრიმინაციული, მათ შორის, სქესის ან სხვა ნიშნის მიხედვით;
გ) ხელი შეუწყოს შემსყიდველ ორგანიზაციებსა და ეკონომიკურ ოპერატორებს შორის კეთილსინდისიერებაზე, პროფესიონალიზმსა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული ინსტიტუციური გარემოს შექმნას;
დ) ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებას საჯარო შესყიდვების განხორციელებისას გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ასპექტების გათვალისწინებით.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/2.md
