---
title: "მუხლი 12. საჯარო შესყიდვის მონაწილეთა ზოგადი უფლება-მოვალეობები — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/12"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. საჯარო შესყიდვის მონაწილეთა ზოგადი უფლება-მოვალეობები — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/12

1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს საჯარო შესყიდვა, შეარჩიოს ეკონომიკური ოპერატორი და დადოს მასთან შესყიდვის ხელშეკრულება/ჩარჩოშეთანხმება ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით;
ბ) საჯარო შესყიდვის განსახორციელებლად შეარჩიოს შესაბამისი საჯარო შესყიდვის პროცედურა და მისი განხორციელების მეთოდი ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით;
გ) მოითხოვოს ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებული უფლებების დაცვა;
დ) ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს შესყიდვის ხელშეკრულებით/ჩარჩოშეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;
ე) შეწყვიტოს შესყიდვის ხელშეკრულება, თუ მისთვის ცნობილი გახდება ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის/შემთხვევის არსებობის შესახებ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
ვ) ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს მდგრადი განვითარების მიზნის მისაღწევად სოციალური, გარემოსდაცვითი და შრომითი სამართლებრივი ნორმების დაცვა.

2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია:
ა) დაიცვას ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები;
ბ) შეასრულოს შესყიდვის ხელშეკრულებით/ჩარჩოშეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

3. ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით საჯარო შესყიდვის ეფექტიანად და რაციონალურად განხორციელებისთვის პასუხისმგებლობა მთლიანად შემსყიდველ ორგანიზაციას ეკისრება.

4. ეკონომიკურ ოპერატორს უფლება აქვს:
ა) ამ კანონით დადგენილი წესით დაუბრკოლებლად მიიღოს მონაწილეობა საჯარო შესყიდვის პროცედურაში;
ბ) მოითხოვოს ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებული უფლებების დაცვა;
გ) შემსყიდველ ორგანიზაციას მოსთხოვოს შესყიდვის ხელშეკრულებით/ჩარჩოშეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

5. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია:
ა) დაიცვას ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები;
ბ) შეასრულოს შესყიდვის ხელშეკრულებით/ჩარჩოშეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები;
გ) შესყიდვის ხელშეკრულების შესრულებისას დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით) დადგენილი სოციალური, გარემოსდაცვითი და შრომითი სამართლებრივი ნორმები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/13.md
