---
title: "მუხლი 24. სააგენტოს თავმჯდომარე — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/24"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. სააგენტოს თავმჯდომარე — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/24

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე, რომელსაც 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. სააგენტოს თავმჯდომარედ ინიშნება ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს:
ა) სამართლის/საერთაშორისო სამართლის, ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სამართლის/საერთაშორისო სამართლის, საფინანსო, ეკონომიკურ ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

3. სააგენტოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

4. სააგენტოს თავმჯდომარე:
ა) საქართველოს საკანონმდებლო აქტით დადგენილ შემთხვევებსა და ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს – ბრძანებას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – განკარგულებას;
გ) წყვეტს სააგენტოს გამგებლობისთვის მიკუთვნებულ საკითხებს;
დ) თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს;
ე) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, ადგენს სამუშაო აღწერილობებს სააგენტოში არსებული თანამდებობებისთვის და სააგენტოს თანამშრომელთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ვ) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს თანამშრომელთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;
ზ) ამტკიცებს სააგენტოში სტაჟირების გავლის წესს;
თ) განკარგავს სააგენტოს ასიგნებებს;
ი) წარმოადგენს სააგენტოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მესამე პირებთან ურთიერთობაში;
კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. სააგენტოს თავმჯდომარე კანონით დადგენილი წესით პასუხს აგებს სააგენტოს საქმიანობისთვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/25.md
