---
title: "მუხლი 41. ცენტრალიზებული შესყიდვა — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/41"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "41"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41. ცენტრალიზებული შესყიდვა — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 41 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/41

1. ცენტრალიზებული შესყიდვა არის ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს:
ა) შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ფართო მოხმარების/მუდმივი საჭიროების საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვას;
ბ) შესყიდვის ხელშეკრულების ან ჩარჩოშეთანხმების შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი ფართო მოხმარების/მუდმივი საჭიროების საქონელზე, სამუშაოზე ან/და მომსახურებაზე დადებას.

2. გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა, ცენტრალიზებული შესყიდვა გამოიყენება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხოლო საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტითა და შესყიდვის პირობებით გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია საქონელი, სამუშაო ან მომსახურება ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში შეისყიდოს.

3. შემსყიდველმა ორგანიზაციამ საქონელი, სამუშაო ან/და მომსახურება შეიძლება შეისყიდოს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ:
ა) დადებული შესყიდვის ხელშეკრულების გამოყენებით;
ბ) დადებული ჩარჩოშეთანხმების გამოყენებით;
გ) ადმინისტრირებული დინამიკური შესყიდვის სისტემის გამოყენებით.

4. შემსყიდველი ორგანიზაცია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესყიდვის ხელშეკრულებას დებს ამ კანონის 37-ე ან 38-ე მუხლით დადგენილი წესით.

5. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობას ახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, ანაზღაურების გარეშე ან ანაზღაურებით. ამ ანაზღაურების სავალდებულოობას ან/და ოდენობას განსაზღვრავს ცენტრალური შემსყიდველი ორგანო. აღნიშნული საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს:
ა) შესყიდვის პროცედურების დაგეგმვასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევას;
ბ) შესყიდვის პროცედურების შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ და მისივე ხარჯით დაგეგმვასა და განხორციელებას.

6. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოსგან ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვაზე ამ კანონის მე-9 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება.

7. (ამოღებულია - 12.11.2025, №1057).

8. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო საქმიანობის განხორციელებისას მოქმედებს, როგორც შემსყიდველი ორგანიზაცია. იგი შეზღუდულია ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტით შემსყიდველი ორგანიზაციისთვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით.

9. (ამოღებულია - 12.11.2025, №1057).
საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1057 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/42.md
