---
title: "მუხლი 47. შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/47"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "47"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47. შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 47 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/47

1. შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრისას შემსყიდველი ორგანიზაცია ითვალისწინებს საჯარო შესყიდვის გამოცხადების დღისთვის საჯარო შესყიდვის ფარგლებში საჯარო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების სავარაუდო ვადას, აგრეთვე შესყიდვის ობიექტის მიწოდებისთვის გადასახდელ თანხას, გარდა დღგ-ისა.

2. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჩარჩოშეთანხმებისა და დინამიკური შესყიდვის სისტემის შემთხვევაში განისაზღვრება ჩარჩოშეთანხმებისა და დინამიკური შესყიდვის სისტემის მოქმედების პერიოდში დასადები შესყიდვის ხელშეკრულებების ღირებულებების ჯამური ოდენობით, გარდა დღგ-ისა.

3. თუ საჯარო შესყიდვა ლოტებად ხორციელდება და, შესაბამისად, შესყიდვის ხელშეკრულება შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ლოტებად დაყოფის შედეგად იდება, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება ლოტების სავარაუდო ღირებულებების ჯამური ოდენობით, გარდა დღგ-ისა.

4. შერეული შესყიდვის დაყოფისას და შესყიდვის ხელშეკრულებების ცალ-ცალკე დადებისას შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება დასადები შესყიდვის ხელშეკრულებების ღირებულებების ჯამური ოდენობით, გარდა დღგ-ისა.

5. დაუშვებელია შესყიდვის სავარაუდო ღირებულების იმ განზრახვით დაანგარიშება, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი მონეტარული ზღვრებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებას თავი აარიდოს.

6. შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის დეტალური წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/46.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/48.md
