---
title: "მუხლი 62. ხარისხის უზრუნველყოფისა და გარემოს დაცვის მართვის სტანდარტები — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/62"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "62"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 62. ხარისხის უზრუნველყოფისა და გარემოს დაცვის მართვის სტანდარტები — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 62 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/62

1. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის პირობებში ეკონომიკური ოპერატორის ხარისხის სისტემის შემოწმებას მოითხოვს, მან უნდა მიმართოს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემებს, რომლებიც შესაბამისი ქვეყნის სერტიფიცირების კონკრეტულ სტანდარტებს აკმაყოფილებს და კანონით დადგენილი წესებით სერტიფიცირებულია აკრედიტებული ორგანიზაციების მიერ. შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა აღიაროს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ გაცემული სერტიფიკატი, აგრეთვე ეკონომიკური ოპერატორის მიერ თანაბარი ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წარდგენილი სხვა, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები.

2. ეკონომიკური ოპერატორის შესაძლებლობა, განახორციელოს ამ კანონის 59-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები, შესაძლებელია დადასტურდეს ერთ-ერთი შემდეგი გზით:
ა) გარემოს დაცვის მართვისა და აუდიტის სისტემაში (EMAS) რეგისტრაციით;
ბ) აკრედიტებული ორგანოს მიერ საქართველოს ან შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით გაცემული სერტიფიკატით, რომელიც ადასტურებს გარემოს დაცვის ევროპულ ან საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას;
გ) საქმიანობის გარემოსდაცვით მოთხოვნებთან შესაბამისობის ეკვივალენტური შეფასებით, რომელიც საქართველოში შეესაბამება ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოს დაცვის მართვის სისტემას/სტანდარტს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/61.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/63.md
