---
title: "მუხლი 64. შეუსაბამოდ დაბალი ფასის მქონე წინადადება — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/64"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "64"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 64. შეუსაბამოდ დაბალი ფასის მქონე წინადადება — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 64 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/64

1. თუ წინადადებას შეუსაბამოდ დაბალი ფასი აქვს, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას მოსთხოვს. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის პირობებში წინასწარ განსაზღვრავს ისეთ შემთხვევას, როდესაც წინადადება შეუსაბამოდ დაბალი ფასის მქონედ მიიჩნევა, და დოკუმენტებს, რომლებითაც ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დადასტურდეს.

2. წინადადების შეუსაბამოდ დაბალი ფასის გამო ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შეიძლება დასაბუთდეს:
ა) წარმოების პროცესის, მშენებლობის მეთოდის ან მომსახურების გაწევის ხარჯებით;
ბ) საქონლის მისაწოდებლად, სამუშაოს შესასრულებლად ან მომსახურების გასაწევად შერჩეული ტექნიკური გადაწყვეტის გზით ან ეკონომიკური ოპერატორისთვის ხელმისაწვდომი განსაკუთრებული პირობებით;
გ) ეკონომიკური ოპერატორის მიერ შეთავაზებული საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების ორიგინალურობით;
დ) ეკონომიკური ოპერატორის მიერ ვალდებულებების შესრულებით, გარემოს დაცვის, სოციალური და შრომის კანონმდებლობის სფეროებში აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით;
ე) ქვეკონტრაქტორის გამოყენებით;
ვ) ეკონომიკური ოპერატორის მიერ სახელმწიფო დახმარების მიღების შესაძლებლობით.

3. შემსყიდველი ორგანიზაცია აფასებს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტს. თუ იგი ვერ დაასაბუთებს წინადადების ფასის ადეკვატურობას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების გათვალისწინებით, პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია უნდა მოხდეს. თუ წინადადების დაბალი ფასი პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო დახმარების მიღებით არის განპირობებული, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახდენს, თუ იგი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ დაასაბუთებს ასეთი დახმარების მიღების კანონიერებას.

4. პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც წინადადება შეუსაბამოდ დაბალი ფასის მქონედ მიიჩნევა, აგრეთვე ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურების დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/63.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/65.md
