---
title: "მუხლი 72. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საჯარო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ზოგადი დებულებები — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/72"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "72"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 72. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საჯარო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ზოგადი დებულებები — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 72 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/72

1. ამ თავის მოქმედება ვრცელდება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დადებულ/დასადებ შესყიდვის ხელშეკრულებაზე, რომლის მიზანია:
ა) სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (მათ შორის, მისი ნებისმიერი ნაწილის ან/და კომპონენტის) მიწოდება;
ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროდუქციისა და მისი სასიცოცხლო ციკლის ნებისმიერ ელემენტთან დაკავშირებული საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება და მომსახურების გაწევა;
გ) სამხედრო მიზნებისთვის ან თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი (თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული) სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურების გაწევა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროდუქციის ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საჯარო შესყიდვის განხორციელებისას შემსყიდველი ორგანიზაცია იყენებს ამ კანონის დებულებებს, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საჯარო შესყიდვის განხორციელებისას ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით გამოიყენოს ამ კანონით დადგენილი სტანდარტული საჯარო შესყიდვის წესი, ან იხელმძღვანელოს ამ თავის დებულებებით, ან ისარგებლოს ამ კანონის 73-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისით. სტანდარტული საჯარო შესყიდვის წესის გამოყენების შემთხვევაში საჯარო შესყიდვაზე ამ თავის დებულებები არ ვრცელდება. ამ კანონის 73-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისით სარგებლობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია დაასაბუთოს, რომ მისი არჩევანი მიზნად არ ისახავს ამ კანონის გამოყენების ხელოვნურად თავიდან აცილებას და ობიექტურ კრიტერიუმებს ეფუძნება.

5. თუ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული საქონლის, სამუშაოს და მომსახურების შესყიდვა საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს ხორციელდება, მათზე ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება.

6. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ საჯარო შესყიდვაზე ამ კანონის 61-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/71.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/73.md
