---
title: "მუხლი 22. მიკრობანკის დირექტორატი — მიკრობანკების საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/22"
law: "მიკრობანკების საქმიანობის შესახებ"
article: "22"
identifier: "matsne 5725664"
adopted: "2023-02-22"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. მიკრობანკის დირექტორატი — მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მიკრობანკების საქმიანობის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/22

1. მიკრობანკის ხელმძღვანელობა და მისი წარმომადგენლობა ევალებათ მიკრობანკის დირექტორებს. ისინი პასუხისმგებელი არიან მიკრობანკის საქმეების მართვისა და მისი ფუნქციების შესრულებისთვის. მიკრობანკის დირექტორატი შედგება არანაკლებ 3 დირექტორისგან, რომლებსაც ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭო არაუმეტეს 4 წლის ვადით. მათი განმეორებით დანიშვნა შეუზღუდავია.

2. მიკრობანკის დირექტორატის სტრუქტურაში უნდა იყოს გენერალური დირექტორი, რომელსაც ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭო.

3. მიკრობანკის დირექტორატის წევრად არ შეიძლება დაინიშნოს და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით დირექტორატის წევრობისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-7 მუხლითა და ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ადმინისტრატორთა შესაფერისობის მოთხოვნებს.

4. მიკრობანკის დირექტორატის წევრი მიკრობანკის საქმეებს კეთილსინდისიერად უნდა უძღვებოდეს, მიკრობანკზე ისე უნდა ზრუნავდეს, როგორც ზრუნავს ანალოგიურ პირობებში მყოფი კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე პირი, და მიკრობანკის სტაბილურობის ინტერესების შესაბამისად უნდა მოქმედებდეს. ამ მოვალეობების ბრალეული შეუსრულებლობით მიყენებული ზიანისთვის დირექტორატის წევრები მიკრობანკის წინაშე სოლიდარულად აგებენ პასუხს. დირექტორი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება, თუ იგი თავისი ქმედებით აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებას ასრულებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მან საერთო კრების გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუწყო არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ან იცოდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ზიანის მიყენებას გამოიწვევდა, მაგრამ ამის თაობაზე არ შეატყობინა საერთო კრებას გადაწყვეტილების მიღებამდე ან აღსრულებამდე.

5. მიკრობანკის დირექტორატს აქვს უფლება, კონკრეტულ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე განახორციელოს თავისი უფლებამოსილების (გარდა მიკრობანკის მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული ძირითადი უფლებამოსილებისა) სხვისთვის მთლიანად ან ნაწილობრივ დელეგირება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/23.md
