---
title: "მუხლი 35. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი — მიკრობანკების საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/35"
law: "მიკრობანკების საქმიანობის შესახებ"
article: "35"
identifier: "matsne 5725664"
adopted: "2023-02-22"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი — მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მიკრობანკების საქმიანობის შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/35

1. თუ ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით ან/და მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე საფუძვლის არსებობისას საზედამხედველო ზომების მიღებამ შედეგი არ გამოიღო ან თუ, საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, ამ ზომების მიღება შესაბამისი შედეგის მისაღწევად საკმარისი არ იქნება, მიკრობანკისა და ფინანსური სექტორის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობისა და მიკრობანკის დეპოზიტართა ან სხვა კრედიტორთა ინტერესების დაცვის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომების მიღების გარეშე ან ამ ზომების მიღებასთან ერთად დანიშნოს დროებითი ადმინისტრატორი.

2. დროებითი ადმინისტრატორი მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას იწყებს დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული დღიდან. ეს გადაწყვეტილება ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

3. დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღების შესახებ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის დღისა, აცნობოს იმ საგადახდო სისტემის ოპერატორს, რომლის სისტემის მონაწილეც არის ის მიკრობანკი, რომელსაც დროებითი ადმინისტრაცია მართავს.

4. დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დღიდან დაუშვებელია მიკრობანკის სახელითა და ხარჯით ნებისმიერი ქმედების განხორციელება დროებითი ადმინისტრატორის წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. დროებით ადმინისტრატორზე გადადის მიკრობანკის ყველა ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა საერთო კრებისა და ადმინისტრატორების) სრული უფლებამოსილება.

6. დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია უმოკლეს ვადაში აღძრას შუამდგომლობა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენილ თანამდებობის პირთა სიაში აუცილებელი ცვლილების შეტანის შესახებ.

7. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ცალკე ნორმატიული აქტით განსაზღვროს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და დროებითი ადმინისტრაციის მოქმედების წესი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/36.md
