---
title: "მუხლი 13. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა — სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5810383-satelekomunikatsio-inprastrukturisa-da-satelekomunikatsio-miznebistvis/13"
law: "სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 5810383"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2023-06-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა — სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2023-06-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5810383-satelekomunikatsio-inprastrukturisa-da-satelekomunikatsio-miznebistvis/13

1. ინფრასტრუქტურის ოპერატორის მიერ ამ კანონით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.

2. ინფრასტრუქტურის ოპერატორისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

3. კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს და მას განუსაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად.

4. დამრღვევის მიერ კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, დარღვევის გაგრძელების ან მისი წერილობით გაფრთხილებიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დამრღვევს დაეკისრება ჯარიმა წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 0,2 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 3000 ლარისა და არაუმეტეს 30000 ლარისა.

5. დამრღვევის მიერ დარღვევის გაგრძელების ან/და მისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან − ჯარიმის დაკისრებიდან − 1 კალენდარული წლის განმავლობაში ყოველი ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დამრღვევს დაეკისრება ჯარიმა დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

6. ჯარიმა გადაიხდება ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების დამრღვევისთვის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში. ჯარიმა გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

7. დამრღვევის მიერ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება დამრღვევს არ ათავისუფლებს დარღვევის გამოსწორების ვალდებულებისგან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5810383-satelekomunikatsio-inprastrukturisa-da-satelekomunikatsio-miznebistvis/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5810383-satelekomunikatsio-inprastrukturisa-da-satelekomunikatsio-miznebistvis/14.md
