---
title: "მუხლი 17. საქსტატის მრჩეველთა საბჭო და მისი ფუნქციები — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/17"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 5814124"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. საქსტატის მრჩეველთა საბჭო და მისი ფუნქციები — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/17

1. საქსტატის მრჩეველთა საბჭო არის საქსტატის საკონსულტაციო ორგანო. მის წევრს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი.

2. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში საქსტატის მრჩეველთა საბჭოს წევრი თავის მოვალეობას ასრულებს ახალი აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნამდე.

3. საქსტატის მრჩეველთა საბჭო შედგება არანაკლებ 9 წევრისგან. მათგან ერთ-ერთი არის საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც იმავდროულად მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეა.

4. საქსტატის მრჩეველთა საბჭოს წევრობისთვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მრჩეველთა საბჭოს მიერ საქმიანობის განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღების წესები განისაზღვრება საქსტატის მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი.

5. საქსტატის მრჩეველთა საბჭოს ფუნქციებია:
ა) საქსტატისთვის სტატისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა და რეკომენდაციების წარდგენა;
ბ) სტატისტიკურ საქმიანობაში გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტებისა და სტატისტიკური მეთოდოლოგიის მეცნიერული ანალიზი და საქსტატის აღმასრულებელი დირექტორისთვის რეკომენდაციების მომზადება;
გ) სტატისტიკური საქმიანობის თანამედროვე მეთოდების განხილვა, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორისთვის სტატისტიკური მეთოდოლოგიის სრულყოფასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა და წინადადებების წარდგენა;
დ) ამ კანონითა და საქსტატის მრჩეველთა საბჭოს დებულებით განსაზღვრული სხვა საქმიანობების განხორციელება.

6. საქსტატის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა.

7. საქსტატის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საჯაროა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/18.md
