---
title: "მუხლი 43. სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/43"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "43"
identifier: "matsne 5814124"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43. სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 43 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/43

1. ოფიციალური სტატისტიკის გავრცელება უნდა მოხდეს დროულად, ოპერატიულად და ამ კანონის მე-5 და 44-ე მუხლებითა და ამ მუხლით განსაზღვრული პრინციპების სრული დაცვით, კერძოდ, სტატისტიკური კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვისა და მიუკერძოებლობის პრინციპით გათვალისწინებული თანაბარი და ერთდროული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით.

2. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო ადგენს და აქვეყნებს მონაცემების გავრცელების კალენდარს, რომელშიც მითითებულია მონაცემების გამოქვეყნების დაგეგმილი თარიღი და დრო.

3. მონაცემების გამოქვეყნებისთვის წინასწარ შედგენილი კალენდრის დარღვევის შემთხვევაში ამის შესახებ საზოგადოებას მათი გამოქვეყნების დაგეგმილ თარიღამდე უნდა ეცნობოს. ამასთანავე, უნდა დადგინდეს და გამოცხადდეს მონაცემების გამოქვეყნების ახალი თარიღი.

4. სტატისტიკური მონაცემები შესაბამის მეტამონაცემებსა და განმარტებებთან ერთად უსასყიდლოდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა მომხმარებლისთვის.

5. გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში აღმოჩენილი შეცდომები უნდა გასწორდეს, ხოლო შესწორებები უნდა გამოქვეყნდეს და მომხმარებელს უნდა მიეწოდოს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში.

6. მომხმარებელს უფლება აქვს, ოფიციალური სტატისტიკა და შესაბამისი მეტამონაცემები გამოიყენოს თავის სტატისტიკურ პროდუქტში ამ მონაცემთა წყაროს მითითებით.

7. საქსტატი სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფს სტატისტიკური მონაცემების ყველა მომხმარებლისთვის უსასყიდლოდ, ელექტრონული ფორმით მიწოდებას.

8. საქსტატის მიერ ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდების წესსა და პირობებს ამტკიცებს საქსტატის საბჭო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/44.md
