---
title: "მუხლი 6. სტატისტიკის ეროვნული სისტემა — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/6"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 5814124"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. სტატისტიკის ეროვნული სისტემა — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/6

1. სტატისტიკის ეროვნული სისტემა შედგება ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი შემდეგი ორგანოებისგან:
ა) საქსტატი. იგი სტატისტიკის ეროვნული სისტემის წამყვანი ორგანოა;
ბ) საქართველოს ეროვნული ბანკი;
გ) ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები, სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესაბამისად.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალურ სტატისტიკას აწარმოებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის საფუძველზე, ამ კანონით განსაზღვრული ოფიციალური სტატისტიკის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.

3. საქსტატი და საქართველოს ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობენ ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისა და გავრცელების საკითხებში, ამ კანონითა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

4. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები არიან ადმინისტრაციული ორგანოები, რომლებიც ოფიციალური სტატისტიკის შემუშავებას, წარმოებასა და გავრცელებას ახდენენ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის საფუძველზე, ამ კანონით განსაზღვრული ოფიციალური სტატისტიკის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.

5. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის კრიტერიუმებს და მათი აღიარების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა ამ კანონის შესაბამისად.

6. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების ჩამონათვალი დგინდება სტატისტიკური სამუშაოების წლიური პროგრამით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/7.md
