---
title: "მუხლი 22. ფინანსური გარანტიის მტკიცებულება — მეზღვაურთა შრომის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/22"
law: "მეზღვაურთა შრომის შესახებ"
article: "22"
identifier: "matsne 5816285"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2023-06-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. ფინანსური გარანტიის მტკიცებულება — მეზღვაურთა შრომის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა შრომის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2023-06-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/22

1. გემზე, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, უნდა ინახებოდეს ამ კანონით გათვალისწინებული ფინანსური გარანტიის მტკიცებულება, რომელიც გაცემულია ფინანსური გარანტიის გამცემის მიერ, ხოლო ერთზე მეტი ფინანსური გარანტიის გაცემის შემთხვევაში − თითოეული ფინანსური გარანტიის გამცემის მიერ წარდგენილი ფინანსური გარანტიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური გარანტიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის ასლი/ასლები გემზე ისე უნდა განთავსდეს, რომ ხელმისაწვდომი იყოს ყველა მეზღვაურისთვის.

3. ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური გარანტიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი ინგლისურ ენაზე უნდა იყოს შედგენილი ან ინგლისურენოვანი თარგმანი უნდა ერთოდეს. მასში მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) გემის შესახებ მონაცემები, მათ შორის: გემის დასახელება/სახელი; მიწერის ნავსადგური; IMO-ს საიდენტიფიკაციო ნომერი და ამოსაცნობი ნიშანი;
ბ) ფინანსური გარანტიის გამცემის სახელი და მისამართი;
გ) მეზღვაურთა სახელშეკრულებო მოთხოვნების განმხილველი პირების ან სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია;
დ) გემთმფლობელის სახელი/სახელი და გვარი;
ე) ფინანსური გარანტიის მოქმედების ვადა;
ვ) ფინანსური გარანტიის გამცემის დადასტურება, რომ ეს ფინანსური გარანტია შეესაბამება კონვენციის A4.2.1 სტანდარტს.

4. ფინანსური გარანტიის მოქმედება არ შეიძლება შეწყდეს მასში აღნიშნული მოქმედების ვადის გასვლამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფინანსური გარანტიის გამცემი სააგენტოს მისი შეწყვეტის შესახებ არანაკლებ 30 დღით ადრე წერილობით აცნობებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/23.md
