---
title: "მუხლი 4. კომპეტენტური ორგანოს და სააგენტოს უფლებამოსილებანი — მეზღვაურთა შრომის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/4"
law: "მეზღვაურთა შრომის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 5816285"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2023-06-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. კომპეტენტური ორგანოს და სააგენტოს უფლებამოსილებანი — მეზღვაურთა შრომის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა შრომის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2023-06-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/4

1. საზღვაო ტრანსპორტის სფეროში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს კომპეტენტური ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სააგენტოს უფლება აქვს, ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ დაადგინოს, ექცევა თუ არა პირი ამ კანონით განსაზღვრული ტერმინის „მეზღვაური“ განმარტებაში.

3. სააგენტომ იმის დადგენისთვის, არის თუ არა პირი მეზღვაური, უნდა გაითვალისწინოს:
ა) პირის გემზე მუშაობის ხანგრძლივობა;
ბ) პირის გემზე მუშაობის პერიოდი;
გ) პირის ძირითადი სამუშაო ადგილი;
დ) პირის გემზე მუშაობის მიზანი;
ე) პირის შრომისა და სოციალური დაცვის პირობები, რომლებიც მისთვის, ჩვეულებრივ, ხელმისაწვდომი იქნებოდა, ამ კანონის მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დასადგენად.

4. სააგენტოს უფლება აქვს, ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ დაადგინოს, ექცევა თუ არა გემი ამ კანონით განსაზღვრული ტერმინის „გემი“ განმარტებაში.

5. სააგენტოს უფლება აქვს, სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ დაადგინოს, რომ ამ კანონის ზოგიერთი ნორმის მოქმედების გემზე ან გემის კონკრეტულ კატეგორიაზე გავრცელება მიზანშეწონილი ან შესაძლებელი არ არის. ამ შემთხვევაში ამ კანონით განსაზღვრული უფლებები, რომლებიც არ გავრცელდება აღნიშნული კატეგორიის გემზე დასაქმებულ მეზღვაურებზე, დაცული უნდა იყოს სხვა საკანონმდებლო აქტით, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ამ მეზღვაურთა დაცვას. სააგენტო უფლებამოსილია აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ 200 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე, რომელიც საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული არ არის.

6. სააგენტო აგრეთვე:
ა) გასცემს, ადასტურებს, აახლებს, აჩერებს და აუქმებს ამ კანონით გათვალისწინებულ მეზღვაურთა სერტიფიკატებს;
ბ) ახორციელებს საქართველოში მოქმედი საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირების აღიარებას, მონიტორინგსა და ზედამხედველობას;
გ) შეარჩევს საქართველოში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებს მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გასაცემად, აგრეთვე ამტკიცებს მეზღვაურთა სამედიცინო სტანდარტებს;
დ) ახორციელებს საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებას და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდულ მონიტორინგს, აგრეთვე ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს გემის მზარეულისთვის და გასცემს შესაბამის სერტიფიკატს/გემის მზარეულის მოწმობას;
ე) იხილავს საჩივრებს;
ვ) ამტკიცებს მეზღვაურთა კვებისა და სასმელი წყლის სტანდარტს;
ზ) ამტკიცებს ქართულ გემზე შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მართვის სახელმძღვანელოს/გზამკვლევს და უზრუნველყოფს მის ხელმისაწვდომობას;
თ) უზრუნველყოფს საწარმოო შემთხვევების გამოკვლევას, აგრეთვე აგროვებს და აანალიზებს ქართულ გემზე საწარმოო შემთხვევებისა და დაავადებების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს და აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს;
ი) იღებს და აქვეყნებს ქართული გემის მიერ კონვენციის შესრულების შემოწმების ანგარიშს.
თავი II
მეზღვაურისადმი დადგენილი მოთხოვნები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/5.md
