---
title: "მუხლი 18. სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის ვადა და პროცედურა — ელექტრონული კომერციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/18"
law: "ელექტრონული კომერციის შესახებ"
article: "18"
identifier: "3110-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-13"
consolidated_as_of: "2023-11-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის ვადა და პროცედურა — ელექტრონული კომერციის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ელექტრონული კომერციის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2023-11-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/18

1. სააგენტო მისთვის მომსახურების მიმღების უფლების სავარაუდო დარღვევის შესახებ განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს განცხადებაზე რეაგირების, საქმის შესწავლის დაწყების ან ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არარსებობის შესახებ.

2. სააგენტო საქმეს შეისწავლის საქმის შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში.

3. საქმის შესწავლა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვისა.

4. საქმესთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის ან/და ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ან/და საქმის შესწავლის ვადის დინება ჩერდება სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადით.

5. სააგენტო საქმის შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში აწვდის მომსახურების მიმწოდებელს შესაბამის ინფორმაციას და განუსაზღვრავს მას არანაკლებ 5 სამუშაო დღის ვადას მომსახურების მიმღების უფლების სავარაუდო დარღვევის თაობაზე პოზიციის წარსადგენად.

6. სააგენტო უფლებამოსილია საქმის შესწავლისას მხარე/დაინტერესებული პირი მოიწვიოს ახსნა-განმარტების მისაღებად, აგრეთვე გამართოს საკონსულტაციო შეხვედრა.

7. სააგენტო უფლებამოსილია საქმის შესწავლისას აუცილებლობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, თუ საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება ექსპერტიზის დასკვნის გარეშე შეუძლებელია. მომსახურების მიმღების უფლების დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს ექსპერტიზის ხარჯი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/19.md
