---
title: "მუხლი 4. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება — ელექტრონული კომერციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/4"
law: "ელექტრონული კომერციის შესახებ"
article: "4"
identifier: "3110-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-13"
consolidated_as_of: "2023-11-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება — ელექტრონული კომერციის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ელექტრონული კომერციის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2023-11-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/4

1. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების მიმღებისთვის მომსახურების მიმწოდებლის შესახებ სულ მცირე შემდეგი ინფორმაციის მუდმივად და ადვილად ხელმისაწვდომობა:
ა) საფირმო სახელწოდება და სამართლებრივი ფორმა;
ბ) მისამართი;
გ) ელექტრონული ფოსტის მისამართი და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია;
დ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი ნომერი;
ე) სალიცენზიო ან/და სანებართვო მოწმობის ნომერი/ლიცენზიის ან/და ნებართვის რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისი მოქმედების ვადა და გამცემი ორგანოს დასახელება (არსებობის შემთხვევაში).

2. მომსახურების ღირებულება მკაფიოდ და გასაგებად უნდა იყოს მითითებული და უნდა მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას მასში გათვალისწინებული ყველა ხარჯის შესახებ, მათ შორის, მიტანის ღირებულებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გადასახადების თაობაზე.

3. მომსახურების მიმწოდებელი პასუხისმგებელია ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის სიზუსტისა და ხელმისაწვდომობისთვის.

4. თუ მომსახურების მიმწოდებლის იმ საქმიანობისთვის, რომელიც სცდება მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობას, საქართველოს კანონმდებლობით ინფორმაციის მიწოდების უფრო მაღალი სტანდარტია დადგენილი, ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები მას არ ათავისუფლებს შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებისგან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/5.md
