---
title: "მუხლი 14. მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/14"
law: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 5827307"
adopted: "2023-06-14"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/14

1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მონაცემთა გაცნობისთვის ან/და მონაცემთა ასლების გაცემისთვის:
#
ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური;
ბ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დადგენილია გონივრული საფასური მონაცემთა შენახვის ფორმისგან განსხვავებული ფორმით მათი გაცემისთვის დახარჯული რესურსის ან/და მოთხოვნის სიხშირის გამო.

2. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, გაეცნოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს ან/და მიიღოს მათი ასლები მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არის დადგენილი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს.

4. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, გაეცნოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს ან/და მიიღოს მათი ასლები იმ ფორმით, რომლითაც დაცულია დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირთან. მონაცემთა სუბიექტს აგრეთვე უფლება აქვს, მოითხოვოს მის შესახებ მონაცემთა ასლების მიწოდება განსხვავებული ფორმით, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დადგენილი გონივრული საფასურის სანაცვლოდ და იმ შემთხვევაში, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია.

5. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასური ფაქტობრივად დახარჯული რესურსის ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს. საფასურის დადგენის და მისი ოდენობის გონივრულობის მტკიცების ტვირთი ეკისრება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/15.md
