---
title: "მუხლი 61. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/61"
law: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
article: "61"
identifier: "matsne 5827307"
adopted: "2023-06-14"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 61. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 61 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/61

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიიჩნევა:
ა) მართლსაწინააღმდეგო ქმედების შეწყვეტა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის გამოსწორება ან/და მსგავსი სამართალდარღვევის შემდგომ თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების მიღება;
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვანის მიერ;
გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გულწრფელი მონანიება და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობა;
დ) სხვა გარემოებები, როგორებიცაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ხასიათი და სამართალდამრღვევის ბრალის ხარისხი, რომლებსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის გადაწყვეტისას გენერალური აუდიტორი შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება ეკისრება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს/დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოების არსებობისას ამ კანონის 66-ე−87-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 30 პროცენტით მცირდება.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოების არსებობისას ამ კანონის 66-ე−87-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით მცირდება.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის შემცირების საფუძვლების ერთდროულად არსებობისას ამ კანონის 66-ე−87-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 50 პროცენტით მცირდება.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/60.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/62.md
