---
title: "მუხლი 7. არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის გაცემის წესი და პირობები — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/7"
law: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 5827307"
adopted: "2023-06-14"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის გაცემის წესი და პირობები — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/7

1. არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავება მისი თანხმობის საფუძველზე დასაშვებია, თუ მან 16 წლის ასაკს მიაღწია, ხოლო 16 წლამდე არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავება − მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, მათ შორის, როდესაც მონაცემთა დამუშავებისთვის აუცილებელია 16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანისა და მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

2. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მიიღოს გონივრული და ადეკვატური ზომა 16 წლამდე არასრულწლოვანის მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის არსებობის დასადასტურებლად.

3. არასრულწლოვანის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავებისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია გაითვალისწინოს და დაიცვას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები.

5. არასრულწლოვანის, მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მონაცემთა დამუშავება საფრთხეს უქმნის ან ზიანს აყენებს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული დებულებები არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ გარიგების ნამდვილობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/8.md
