---
title: "მუხლი 88. გარდამავალი დებულებები — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/88"
law: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
article: "88"
identifier: "matsne 5827307"
adopted: "2023-06-14"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 88. გარდამავალი დებულებები — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 88 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/88

1. 2024 წლის 1 მარტამდე პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად.

2. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი თავისუფლდება ამ კანონის მე-10 მუხლის მე-9 პუნქტითა და მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისგან იმ გამაფრთხილებელ ნიშნებთან მიმართებით, რომლებიც მან 2024 წლის 1 მარტამდე განათავსა.

3. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი თავისუფლდება ამ კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან იმ პროგრამულ უზრუნველყოფასთან მიმართებით, რომელიც გამოიყენება მონაცემთა დამუშავებისთვის და შეიქმნა 2024 წლის 1 მარტამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც 2024 წლის 1 მარტის შემდეგ ეს პროგრამული უზრუნველყოფა მნიშვნელოვნად განახლდა და იმავე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ არ მოითხოვს გაუმართლებელი ხარჯების გაწევას.

4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა 2024 წლის 1 მარტამდე გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი ინციდენტის განსაზღვრის კრიტერიუმები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების წესი. ეს ნორმატიული აქტი გამოიცემა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმებით;
ბ) მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების ვალდებულების წარმომშობი გარემოებების დადგენის კრიტერიუმებისა და შეფასების წესის შესახებ;
გ) იმ პირთა წრის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ აქვთ ვალდებულება, განსაზღვრონ/დანიშნონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი;
დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ სპეციალური წარმომადგენლის რეგისტრაციის წესი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/87.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/89.md
