---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/1"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "1"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/1

1. ეს კანონი, დიფერენცირებული მიდგომის საფუძველზე, ადგენს სამართლებრივ ჩარჩოს რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად და იმ პირთა უფლება-მოვალეობებს, რომლებიც ახორციელებენ მაიონებელი გამოსხივების წყაროსთან დაკავშირებულ საქმიანობებს, ასევე რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ იმ საკითხებს, რომლებიც „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონით არ რეგულირდება.

2. ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო დაწესებულებების ფუნქციებს რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სახელმწიფო რეგულირების სფეროებში, აგრეთვე რადიაციული დაცვის, ბირთვული და რადიოაქტიური მასალების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის ღონისძიებებს.

3. ამ კანონის რეგულირების სფეროს არ განეკუთვნება არამაიონებელი გამოსხივება და მის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები, ასევემაიონებელი გამოსხივების წყაროს სამხედრო მიზნით გამოყენება.

4. ეს კანონი არ ვრცელდება რეგულირებიდან გამორიცხულ ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასა და რადიოაქტიურ წყაროზე, რომლის დონეები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/2.md
