---
title: "მუხლი 26. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის გაცემის ზოგადი წესი — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/26"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "26"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის გაცემის ზოგადი წესი — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/26

1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

2. მარეგულირებელი ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს რეგისტრაციის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობას.

3. მარეგულირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ. რეგისტრაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, რეგისტრაციის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი განმცხადებელს.

4. მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება რეგისტრაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რეგისტრაცია გაცემულად ჩაითვლება.

5. რეგისტრაციის მაძიებელი უფლებამოსილია რეგისტრაციის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სარეგისტრაციო მოწმობა. მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სარეგისტრაციო მოწმობა.

6. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება რეგისტრირებული საქმიანობის გაფართოების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაზეც.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/27.md
