---
title: "მუხლი 27. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ან/და ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია და გაცემის ზოგადი წესი — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/27"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "27"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ან/და ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია და გაცემის ზოგადი წესი — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/27

1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ან/და ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია განისაზღვრება ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. მარეგულირებელი ორგანო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის განმცხადებელმა მარეგულირებელ ორგანოს ასევე უნდა წარუდგინოს:
ა) ინფორმაცია საქმიანობის, მაიონებელი გამოსხივების წყაროსა და პერსონალის შესახებ;
ბ) რადიაციული დაცვის პროგრამა;
გ) ბირთვული დაცულობის გეგმა;
დ) ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების გეგმა.

4. მარეგულირებელ ორგანოს უფლება აქვს, დამატებით მოითხოვოს რადიაციული უსაფრთხოების შეფასების ანგარიშის ან/და დეკომისიის გეგმის, ასევე „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებისა და ავტორიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სალიცენზიო დოკუმენტაციის წარდგენა, დიფერენცირებული მიდგომის შესაბამისად.

5. ამ კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული ნებართვის მაძიებელმა მარეგულირებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია:
ა) გადასაზიდი რადიოაქტიური მასალისა და დამცავი კონტეინერების მახასიათებლების შესახებ;
ბ) რადიოაქტიური წყაროს მწარმოებლის/მომწოდებლის საგარანტიო წერილი I და II კატეგორიების რადიოაქტიური წყაროების დაბრუნების შესახებ (იმპორტის შემთხვევაში);
გ) რადიოაქტიური მასალის მიმღების, გამგზავნის და ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის შესახებ;
დ) ტრანზიტის შემთხვევაში, რადიოაქტიური მასალის მიმღები მხარის თანხმობა რადიოაქტიური წყაროს მიღების შესახებ.

6. მარეგულირებელ ორგანოს უფლება აქვს, დამატებით მოითხოვოს „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებისა და ავტორიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა, დიფერენცირებული მიდგომის შესაბამისად.

7. ბირთვულ მასალასთან ან/და I, II და III კატეგორიების რადიოაქტიურ წყაროებთან დაკავშირებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის გასაცემად, მარეგულირებელი ორგანოს მიერ დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობს, როგორც დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანო, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/28.md
