---
title: "მუხლი 41. რადიოაქტიური წყაროს ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/41"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "41"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41. რადიოაქტიური წყაროს ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 41 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/41

1. საქართველოს ტერიტორიიდან ან მის ტერიტორიაზე რადიოაქტიური წყაროს ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი უნდა განხორციელდეს საერთაშორისოდ აღიარებული სახელმძღვანელო წესების საფუძველზე შემუშავებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვის მარეგულირებელი მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნები და პროცედურები უნდა ითვალისწინებდეს რადიოაქტიური წყაროს მიმღების თაობაზე ინფორმაციის შეფასების ვალდებულებას, რომელსაც უნდა ჰქონდეს რადიოაქტიური წყაროს მიღების ავტორიზაცია და ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

3. რადიოაქტიური წყაროს ექსპორტის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნები და პროცედურები უნდა ითვალისწინებდეს მარეგულირებელი ორგანოს ვალდებულებას, პრაქტიკული შესაძლებლობის ფარგლებში, დარწმუნდეს, რომ იმპორტიორ ქვეყანას აქვს შესაბამისი ტექნიკური, ადმინისტრაციული და სხვა რესურსები, ასევე მოთხოვნილი რადიოაქტიური წყაროს მართვისას ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფის მარეგულირებელი სტრუქტურა.

4. I და II კატეგორიების რადიოაქტიური წყაროების ექსპორტის ნებართვის გაცემა უნდა განხორციელდეს იმპორტიორი ქვეყნისთვის წინასწარი შეტყობინებით და მხოლოდ მისი თანხმობის საფუძველზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/42.md
