---
title: "მუხლი 44. დეკომისიის გეგმა — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/44"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "44"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44. დეკომისიის გეგმა — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 44 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/44

1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა ბირთვული და რადიაციული ობიექტის ექსპლუატაციის მიზნით მარეგულირებელ ორგანოს შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს დეკომისიის პირველადი გეგმა, რომელიც უნდა შემუშავდეს ობიექტის ტიპის, სტატუსისა და მისი დეკომისიისას დამახასიათებელი რისკების გათვალისწინებით.

2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა ბირთვული და რადიაციული ობიექტის ექსპლუატაციის მიზნით, მშენებლობამდე უნდა განახორციელოს ადგილის საბაზისო გამოკვლევა, მათ შორის, შეისწავლოს რადიოლოგიური პირობები.

3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა დეკომისიის გეგმა უნდა განაახლოს 10 წელიწადში ერთხელ ან/და მარეგულირებელი ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნით.

4. თუ არსებულმა გარემოებებმა განაპირობა დეკომისიის პირველად გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანის აუცილებლობა, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეცვლილი გარემოებების ასახვისთვის შეცვალოს და განაახლოს დეკომისიის გეგმა და შესათანხმებლად წარუდგინოს მარეგულირებელ ორგანოს.

5. მარეგულირებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ დაინტერესებულმა პირმა შეძლოს დეკომისიის გეგმის გაცნობა და მასზე მოსაზრებების გამოთქმა მის შეთანხმებამდე.

6. ავტორიზებულმა პირმა დეკომისიის საბოლოო გეგმა უნდა მოამზადოს და მარეგულირებელ ორგანოს შესათანხმებლად წარუდგინოს დეკომისიის აქტივობების განხორციელებამდე.

7. მარეგულირებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მოქმედი მოთხოვნების შესრულების მონიტორინგისა და იმპლემენტაციის პროგრამის არსებობა იმ ადგილებისათვის, სადაც დეკომისიის შემდეგ კვლავ შეზღუდულია ადგილის სამომავლო გამოყენება.

8. მარეგულირებელმა ორგანომ დეკომისიის დასრულებისას უნდა უზრუნველყოს მასთან შეთანხმებული დეკომისიის გეგმის შესაბამისად დასრულებული დეკომისიის ღონისძიებების დამადასტურებელი ანგარიშების სათანადოდ შენახვა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/43.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/45.md
