---
title: "მუხლი 45. დეკომისიის დროს ავტორიზებული პირის ვალდებულებები — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/45"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "45"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45. დეკომისიის დროს ავტორიზებული პირის ვალდებულებები — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 45 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/45

დეკომისიის დროს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ბირთვული უსაფრთხოება, დაცულობა და გარემოს დაცვა, მათ შორის, კონტრაქტორის ან ქვეკონტრაქტორის მიერ სამუშაოების განხორციელებისას;
ბ) მოამზადოს დეკომისიის გეგმის განსახორციელებლად საჭირო უსაფრთხოებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასებები;
გ) შექმნას იმ ძირითადი საკითხებისა და ცვლილებების მონაცემთა შენახვის სისტემა, რომლებიც შეიძლება მოხდეს ბირთვული და რადიაციული ობიექტის არსებობისას და რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს დეკომისიაზე;
დ) ეფექტიანად და დროულად უზრუნველყოს ადგილის საბაზისო კვლევა;
ე) დაასაბუთოს დეკომისიის ახალი ან გამოუცდელი მეთოდები და დასამტკიცებლად წარუდგინოს მარეგულირებელ ორგანოს;
ვ) საბოლოო დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება მარეგულირებელ ორგანოს აცნობოს 2 თვით ადრე და წარადგინოს ობიექტის დეკომისიის განაცხადი, დეკომისიის საბოლოო გეგმასთან ერთად, ოპერირების საბოლოო შეწყვეტამდე 2 წლით ადრე;
ზ) დაყოვნებული დემონტაჟის შემთხვევაში უზრუნველყოს ბირთვული და რადიაციული ობიექტის უსაფრთხოება და შესაბამისი დეკომისიის განხორციელება მომავალში;
თ) დეკომისიის უსაფრთხოდ განსახორციელებლად უზრუნველყოს სათანადო მართვის სისტემა და პერსონალი, მათ შორის, პასუხისმგებელი პირების გადამზადება საჭირო უნარებისა და ცოდნის მისაღებად;
ი) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად, განახორციელოს ასოცირებული საფრთხეების შესაბამისი ქმედებები და ინციდენტების შესახებ შეატყობინოს მარეგულირებელ ორგანოს;
კ) დეკომისიის ნებისმიერ ეტაპზე უზრუნველყოს შესაბამისი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/46.md
