---
title: "მუხლი 8. რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქართველოს მთავრობისა და სამინისტროს კომპეტენცია — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/8"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "8"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქართველოს მთავრობისა და სამინისტროს კომპეტენცია — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/8

1. რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქართველოს მთავრობის კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სტრატეგიული დოკუმენტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება;
ბ)რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტების ადგილის შერჩევის, მათი დაპროექტების, მშენებლობის, ექსპლუატაციაში შეყვანის, რადიოაქტიური ნარჩენების საცავის დახურვისა და დეკომისიის, რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;
გ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს არასაკმარისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, მედიკამენტების, ხელსაწყოებისა და სხვა მატერიალური რესურსების არსებობის შემთხვევაში, საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
დ) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მოთხოვნა და განხილვა.

2. რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
ბ) მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი;
გ) ამ სფეროებში დადებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების ზედამხედველობა;
დ) ამ სფეროებში კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების კოორდინაცია;
ე) ამ სფეროებში სახელმწიფო პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;
ვ) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ მარეგულირებელი ორგანოს მიერ მომზადებული ყოველწლიური ანგარიშის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/9.md
