---
title: "მუხლი 9. რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში უფლებამოსილი სხვა აღმასრულებელი ხელისუფლებისდაწესებულებების კომპეტენციები — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/9"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "9"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში უფლებამოსილი სხვა აღმასრულებელი ხელისუფლებისდაწესებულებების კომპეტენციები — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/9

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში უფლებამოსილი სხვა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები და მათი კომპეტენციებია:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო − ბირთვული და რადიაციული ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; მაიონებელი გამოსხივების გამზომი ხელსაწყოების მეტროლოგიური შემოწმება; ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების კოორდინირება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაინტერესებულ უწყებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბირთვული და რადიაციული ობიექტის (გარდა მაიონებელი გამოსხივების გენერატორის მფლობელი ობიექტისა) ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი; ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ზომების მიღება; ეროვნული და ტრანსსასაზღვრო რადიაციული ავარიებისთვის მზადყოფნისა და მათი შედეგების ლიკვიდაციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება; ასევე ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების საექსპერტო და სპეციალური გამოკვლევების ჩატარება, ინციდენტის ადგილის შესწავლა, გამოსაკვლევი ობიექტის ამოღება და მისი შემდგომი კვლევა; რადიოაქტიური მასალის ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სასაზღვრო გამტარ პუნქტზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონასა და საქართველოს საზღვაო სივრცეში ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის არალეგალური მიმოქცევის პრევენცია და გამოვლენა;
გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური − ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება ბირთვულ ან სხვა რადიოაქტიურ მასალასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სასაზღვრო გამტარ პუნქტზე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ სათანადო ტექნიკური და პროგრამული სისტემების შექმნა, მათი ფუნქციონირების, მომსახურებისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო − მისდამი დაქვემდებარებული ბირთვული და რადიაციული ობიექტის უსაფრთხოებისა და ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა, ასევე ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობა;
ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო − ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისთვის სამედიცინო მზადყოფნისა და მასზე რეაგირების მიზნით ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება; ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების უწყებათაშორისი სწავლების დაგეგმვა და ორგანიზება; დაზარალებულთა სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა და დასხივებულ პირთა აღრიცხვა; რადიოფარმპრეპარატების რეგისტრაცია; დასხივებულ პირთა პერიოდული სამედიცინო გამოკვლევის პროცედურის დადგენა;
ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო − რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების საერთო ზედამხედველობა;
ზ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური − ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემა, ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტის, საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისა და ტრანზიტის კონტროლი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/10.md
