---
title: "მუხლი 4. საბიუჯეტო  სისტემის ძირითადი პრინციპები — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/4"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 5828443"
adopted: "2023-06-12"
consolidated_as_of: "2023-06-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. საბიუჯეტო  სისტემის ძირითადი პრინციპები — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2023-06-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/4

საბიუჯეტო სისტემის თითოეულმა მონაწილემ საბიუჯეტო პროცესის თითოეულ ეტაპზე უნდა დაიცვას შემდეგი პრინციპები:
ა) ყოვლისმომცველობა – რესპუბლიკური ბიუჯეტის ყველა შემოსულობის, გადასახდელისა და ნაშთის ცვლილების სრულყოფილი ასახვა რესპუბლიკურ ბიუჯეტში;
ბ) გამჭვირვალობა – რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის უმაღლეს საბჭოში განხილვის პროცედურების საჯაროობა საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის;  დამტკიცებული რესპუბლიკური ბიუჯეტისა და მისი შესრულების შესახებ ანგარიშების გამოქვეყნება; რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის;
გ) ანგარიშვალდებულება – საბიუჯეტო პროცესის ყველა მონაწილის პასუხისმგებლობა მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ წარდგენილ ინფორმაციაზე;
დ) დამოუკიდებლობა – რესპუბლიკური ბიუჯეტის დამოუკიდებლობა, რომელსაც უზრუნველყოფს საკუთარი შემოსულობები და ნაშთი, აგრეთვე საკუთარი გადასახდელების დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) ერთიანობა – საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების საერთო საფუძვლით, ერთიანი საბიუჯეტო კლასიფიკაციით, აღრიცხვის ერთიანი სისტემით, სახელმწიფო ფინანსური კონტროლის ერთიანი პრინციპებით ხელმძღვანელობა;
ვ) უნივერსალობა – რესპუბლიკური ბიუჯეტის ყველა შემოსულობის მიმართვა გადასახდელების დასაფინანსებლად, გარდა ამ კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა. ამასთანავე, არცერთი შემოსულობა, გარდა დონორების მიერ დაფინანსებული შემოსულობებისა, არ უნდა იქნეს მიმართული მიზნობრივად, კონკრეტული გადასახდელის დასაფინანსებლად. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მიღებული შემოსულობების შენარჩუნება თავისი მიზნებისათვის დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საბიუჯეტო ორგანიზაცია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;
ზ) კონსოლიდირება – რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მოქცევა, გადასახდელების გადახდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშების მართვა სახელმწიფო ხაზინის მიერ და მათი განთავსება საქართველოს ეროვნულ ბანკში ან/და სხვა საბანკო დაწესებულებებში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/5.md
