---
title: "მუხლი 47. საპენსიო კომპანიების შერწყმა — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/47"
law: "ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
article: "47"
identifier: "matsne 5841969"
adopted: "2023-06-28"
consolidated_as_of: "2023-07-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 47. საპენსიო კომპანიების შერწყმა — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2023-07-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ, მუხლი 47 (consolidated as of 2023-07-19), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/47

1. საპენსიო კომპანია უფლებამოსილია განსაზღვროს, რომ ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ სხვა საპენსიო კომპანიასთან შერწყმა მისი წევრების საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება.

2. საპენსიო კომპანიების შერწყმისთვის ორმა ან ორზე მეტმა საპენსიო კომპანიამ უნდა შეიმუშაოს საპენსიო კომპანიების შერწყმის გეგმა და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამსახურს. სამსახურისთვის საპენსიო კომპანიების შერწყმის გეგმის წარდგენისთანავე თითოეული საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო მოამზადებს საკუთარი საპენსიო სქემის ფარგლებში არსებული საპენსიო აქტივების შეფასებას და მიიღებს ყველა საჭირო ზომას მონაწილეებისა და ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად.

3. თითოეული საპენსიო კომპანია ვალდებულია საპენსიო სქემის მონაწილეებს აცნობოს საპენსიო კომპანიების შერწყმის შესახებ და მიაწოდოს მათ საპენსიო კომპანიების შერწყმის გეგმა. საპენსიო კომპანიების შერწყმის გეგმა უნდა ითვალისწინებდეს თითოეული საპენსიო სქემის მონაწილეების პირადი საპენსიო ანგარიშების შენარჩუნებას/წარმოებას და ყველა მონაწილის საპენსიო აქტივებზე არსებული უფლებების დაცვას საპენსიო კომპანიების შერწყმის შედეგად შექმნილ სუბიექტში.

4. სამსახური ამ მუხლის შესაბამისად საპენსიო კომპანიების შერწყმის გეგმის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საპენსიო კომპანიების შერწყმის გეგმის დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ. თუ სამსახური აღნიშნულ ვადაში არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, საპენსიო კომპანიების შერწყმის გეგმა დამტკიცებულად ითვლება.

5. საპენსიო კომპანიების შერწყმამდე თითოეული საპენსიო კომპანიის მიერ რეგისტრირებული საპენსიო სქემის (სქემების) ყველა მონაწილეს უფლება აქვს, საპენსიო აქტივები გადაიტანოს სხვა საპენსიო სქემაში.
თავი XII
ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება და საპენსიო კომპანიის ლიკვიდაცია

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/46.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/48.md
