---
title: "მუხლი 6. პირადი საპენსიო ანგარიში — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/6"
law: "ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 5841969"
adopted: "2023-06-28"
consolidated_as_of: "2023-07-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. პირადი საპენსიო ანგარიში — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2023-07-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2023-07-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/6

1. აქტივების მმართველი კომპანია, მზღვეველი ან საპენსიო კომპანია, რომელიც ამ კანონის შესაბამისად არეგისტრირებს საპენსიო სქემას, თითოეულ მონაწილეს შესაბამის საპენსიო სქემაში გაწევრებისთანავე უქმნის პირად საპენსიო ანგარიშს, რომელზედაც განცალკევებულად ასახავს მონაწილის სასარგებლოდ განხორციელებულ ყველა საპენსიო შენატანს, შესაბამის გადასახდელებს/საკომისიოებს და საპენსიო აქტივების მართვის/ინვესტირების შედეგად მიღებულ მოგებასა და ზარალს.

2. აქტივების მმართველი კომპანია, მზღვეველი ან საპენსიო კომპანია თითოეული მონაწილისთვის უზრუნველყოფს პირად საპენსიო ანგარიშზე დისტანციურ ელექტრონულ წვდომას და პირად საპენსიო ანგარიშზე ასახული თითოეული ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

3. საპენსიო სქემის ფარგლებში არსებული ყველა გადასახდელი და საკომისიო უნდა გადანაწილდეს ინდივიდუალურად და უნდა აღირიცხოს პირად საპენსიო ანგარიშზე. საპენსიო სქემის ფარგლებში არსებული ყველა გადასახდელი და საკომისიო გონივრული და გამჭვირვალე უნდა იყოს. სამსახური უფლებამოსილია აქტივების მმართველ კომპანიას, მზღვეველსა და საპენსიო კომპანიას მოსთხოვოს ამ პუნქტით გათვალისწინებული გადასახდელებისა და საკომისიოების გონივრულობის დასაბუთება.

4. თუ ჯგუფური საპენსიო სქემა ითვალისწინებს როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის საპენსიო შენატანებს, ასეთი ჯგუფური საპენსიო სქემის პირად საპენსიო ანგარიშებზე განცალკევებულად უნდა აღირიცხოს დამსაქმებლის საპენსიო შენატანები, დასაქმებულის საპენსიო შენატანები და შესაბამისი გადასახდელები და საკომისიოები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/7.md
