---
title: "მუხლი 27. ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის ხარისხობრივი მდგომარეობის მიზნობრივი მაჩვენებლები — წყლის რესურსების მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/27"
law: "წყლის რესურსების მართვის შესახებ"
article: "27"
identifier: "3423-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-30"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის ხარისხობრივი მდგომარეობის მიზნობრივი მაჩვენებლები — წყლის რესურსების მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყლის რესურსების მართვის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/27

1. თითოეული ზედაპირული წყლის ობიექტისთვის, რომელიც ხასიათდება წყლის საშუალო, ცუდი ან ძალიან ცუდი სტატუსით, დგინდება წყლის სტატუსის მიზნობრივი მაჩვენებლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წყლის ობიექტი განიცდის ძლიერ ანთროპოგენურ ზემოქმედებას, ან მისი ბუნებრივი მდგომარეობა იმგვარია, რომ შეუძლებელია წყლის კარგი სტატუსის მიღწევა, ან მოითხოვს არაადეკვატური ხარჯის გაწევას. ასეთ შემთხვევაში, დასაშვებია ნაკლებად მკაცრი გარემოსდაცვითი მიზნების დასახვა და წყლის სტატუსის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილების ღონისძიებების განხორციელება.

2.თითოეული ზედაპირული წყლის ობიექტისთვის მიზნობრივ მაჩვენებელს წარმოადგენს მისი „წყლის კარგი სტატუსი“, „კარგი ეკოლოგიური სტატუსის“ და „კარგი ქიმიური სტატუსის“ ჩათვლით, ხოლო ძლიერ მოდიფიცირებული წყლის ობიექტის ან/და წყლის ხელოვნური ობიექტისთვის − „კარგი ეკოლოგიური პოტენციალი“ და „კარგი ქიმიური სტატუსი“.

3. თითოეული მიწისქვეშა წყლის ობიექტისთვის, რომელიც ხასიათდება წყლის ცუდი რაოდენობრივი და ხარისხობრივი სტატუსით, დგინდება წყლის სტატუსის მიზნობრივი მაჩვენებლები.

4. თითოეული მიწისქვეშა წყლის ობიექტისთვის მიზნობრივ მაჩვენებელს წარმოადგენს მისი კარგი რაოდენობრივი და ქიმიური სტატუსი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/28.md
