---
title: "მუხლი 119. საერთაშორისო სწავლების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის საფუძვლები — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/119"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "119"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 119. საერთაშორისო სწავლების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის საფუძვლები — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 119 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/119

1. საერთაშორისო სწავლების საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებისა და უცხო ქვეყანაში ჩატარებულ საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობის საფუძველია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება ან/და მხარდამჭერი დოკუმენტი.

2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან/და მხარდამჭერი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში საერთაშორისო სწავლების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის საფუძველია:
ა) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
ბ) მინისტრის წარდგინების საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება, თუ საერთაშორისო სწავლებაში სამინისტროსთან ან/და სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან ერთად ერთი ან ერთზე მეტი სხვა ადმინისტრაციული ორგანო მონაწილეობს.

3. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) წევრ ქვეყნებსა და პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მონაწილე ქვეყნებთან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მხარდამჭერი დოკუმენტით შეიძლება განისაზღვროს „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების წევრ სახელმწიფოთა შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ“ შეთანხმებისა და „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების წევრ ქვეყნებსა და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ“ შეთანხმების გამოყენების პირობები.

4. საერთაშორისო სწავლების ჩატარებისას მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხები წესრიგდება მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფციით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/118.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/120.md
