---
title: "მუხლი 137. წახალისების საფუძვლები, სახეები და გამოყენების წესი — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/137"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "137"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 137. წახალისების საფუძვლები, სახეები და გამოყენების წესი — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 137 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/137

1. წახალისების საფუძვლებია:
ა) დაკისრებული მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალხარისხოვნად შესრულება;
ბ) განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების, საბრძოლო დავალების, სამხედრო წვრთნისას მიღებული დავალების წარმატებით შესრულება;
გ) თანამებრძოლის დახმარება, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის თავიდან აცილება;
დ) სამეცნიერო საქმიანობაში, სპორტულ ან/და კულტურულ ღონისძიებაში წარმატების მიღწევა;
ე) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი წესრიგის, სამხედრო დისციპლინის, მოქალაქისა და სამხედრო მოსამსახურის უფლება-მოვალეობებისა და სახელმწიფო მმართველობის დადგენილი წესის დასაცავად ღირსეული საქციელის ჩადენა, რაც სამხედრო სამსახურსა და საზოგადოებაში მის მკვეთრად დადებით შეფასებას იწვევს.

2. წახალისების სახეებია:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) საპატიო სიგელის მიცემა;
გ) ფასიანი საჩუქრის მიცემა;
დ) ფულადი წახალისება;
ე) მოკლევადიანი შვებულების მიცემა;
ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნა.

3. მადლობის გამოცხადება და საპატიო სიგელის მიცემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი ან რამდენიმე სამხედრო მოსამსახურის, აგრეთვე ქვედანაყოფის სრული შემადგენლობის მიმართ.

4. ფასიანი საჩუქრის ღირებულება 3 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ფასიანი საჩუქარი არ შეიძლება იყოს იარაღი ან სხვა ქონება, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თავისუფალი ბრუნვის საგანი არ არის.

5. მოკლევადიანი შვებულება 5 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს.

6. ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე სახე.

7. წახალისების გამოყენების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/136.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/138.md
