---
title: "მუხლი 144. დისციპლინური ოქმი — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/144"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "144"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 144. დისციპლინური ოქმი — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 144 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/144

1. დისციპლინური ოქმი არის დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, დაინტერესებული პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე (გარდა ანონიმური ინფორმაციისა) ან ინსპექტირების/სამსახურებრივი შემოწმების მასალებზე დაფუძნებული, ობიექტურად დასაბუთებული ვარაუდი სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე.

2. დისციპლინურ ოქმში აღინიშნება:
ა) მისი შედგენის თარიღი, დრო და ადგილი;
ბ) მისი შემდგენი თანამდებობის პირის თანამდებობა, წოდება, სახელი და გვარი;
გ) იმ სამხედრო მოსამსახურის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის მიმართაც არსებობს ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე;
დ) შესაბამისი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თარიღი, დრო, ადგილი და არსი;
ე) ნორმა, რომელიც შესაბამისი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს;
ვ) მოწმის ან დაინტერესებული პირის (არსებობის შემთხვევაში) საიდენტიფიკაციო მონაცემები (მათ შორის, მისამართი);
ზ) იმ პირის ახსნა-განმარტება, რომლის მიმართაც არსებობს ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე;
თ) დისციპლინური საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები.

3. დისციპლინურ ოქმს ადგენს მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული თანამდებობის პირი.

4. დისციპლინურ ოქმს ხელს აწერენ:
ა) მისი შემდგენი თანამდებობის პირი;
ბ) სამხედრო მოსამსახურე, რომლის მიმართაც არსებობს ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე.

5. დისციპლინურ ოქმს თან ერთვის მოწმის ან/და დაინტერესებული პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომლის ნამდვილობაც დასტურდება აღნიშნული პირის ხელმოწერით/პირების ხელმოწერებით.

6. თუ სამხედრო მოსამსახურე, რომლის მიმართაც არსებობს ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე, უარს იტყვის დისციპლინური ოქმის ხელმოწერაზე, მისი შემდგენი თანამდებობის პირი ოქმში აკეთებს სათანადო ჩანაწერს. ამ შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, წარადგინოს შენიშვნები, აგრეთვე დაასაბუთოს დისციპლინური ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი.

7. დისციპლინური ოქმი დაუყოვნებლივ გადაეცემა დისციპლინური საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს/თანამდებობის პირს.

8. დისციპლინური ოქმის ფორმა განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/143.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/145.md
