---
title: "მუხლი 152. იძულების ღონისძიება და მისი გამოყენების უფლება — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/152"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "152"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 152. იძულების ღონისძიება და მისი გამოყენების უფლება — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 152 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/152

1. იძულების ღონისძიება არის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომ − მოსამსახურე) მიერ სამართლებრივი აქტებით მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში და მათ განსახორციელებლად ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება.

2. მოსამსახურეს უფლება აქვს, მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებისთვის პროპორციულად, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენოს შესაბამისი იძულების ღონისძიება სათანადო ინტენსივობით, კანონიერი მიზნის მისაღწევად.

3. მოსამსახურეს უფლება აქვს, გამოიყენოს სპეციალური საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღი, თუ მან გაიარა სპეციალური მომზადება.

4. მოსამსახურე ვალდებულია პირი ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს და მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ან/და მოსამსახურის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი ან როდესაც ასეთი გაფრთხილება შექმნილ სიტუაციაში გაუმართლებელია ან შეუძლებელია.

5. იძულების ღონისძიების სახე და მისი გამოყენების ინტენსივობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ამასთანავე, იძულების ღონისძიების გამოყენებისას მოსამსახურე უნდა შეეცადოს, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს.

6. მოსამსახურე ვალდებულია იძულების ღონისძიების გამოყენების შედეგად დაზიანებულ პირს პირველადი (გადაუდებელი) სამედიცინო დახმარება გაუწიოს.

7. მოსამსახურეს ეკრძალება ისეთი საშუალების გამოყენება, რომელიც იწვევს ადამიანის მძიმე დასახიჩრებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/151.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/153.md
