---
title: "მუხლი 160. საომარი მდგომარეობის დროს გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/160"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "160"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 160. საომარი მდგომარეობის დროს გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 160 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/160

1. საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც მისი გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას დეკრეტის თანახელმოწერის თაობაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილი დეკრეტი ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან და მოქმედებს საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული დეკრეტი გამოიცემა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანხმობით და ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან. დეკრეტი დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. საქართველოს პარლამენტი დეკრეტს ამტკიცებს შეკრებისთანავე. თუ საქართველოს პარლამენტი დეკრეტს არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას.

2. საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილ დეკრეტს, რომელიც ქვეყანაში ან მის რომელიმე ნაწილში ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-17, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში ჩამოთვლილ უფლებებს და აჩერებს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2−მე-6 პუნქტების, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-17 მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტების, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედებას, საქართველოს პრეზიდენტი დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. უფლებების შეზღუდვის შესახებ დეკრეტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა ამ დეკრეტის გამოცემად ითვლება და ეს დეკრეტი ძალაში შედის აღნიშნული მომენტიდან. ნორმის შეჩერების შესახებ დეკრეტი ძალაში შედის საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე. დეკრეტის ძალაში შესვლის შემდეგ მისი ტექსტი მთელი დღის განმავლობაში გადაიცემა და ცხადდება საქვეყნოდ ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალებით.

3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის შესახებ გამოცემული დეკრეტის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ ატყობინებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/159.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/161.md
