---
title: "მუხლი 25. სამხედრო პოლიციის ვალდებულებები — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/25"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "25"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. სამხედრო პოლიციის ვალდებულებები — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 25 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/25

სამხედრო პოლიცია ვალდებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:
ა) შესაძლებლობა მისცეს დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სამართლებრივი დაცვის უფლება, ამ პირის შესახებ შეატყობინოს მის ოჯახს, სამსახურს ან სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელობას;
ბ) გამოძიების პროცესში დაადგინოს დანაშაულის მიზეზები და პირობები, მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად და სამართალდამრღვევთან ინდივიდუალური პრევენციული მუშაობა ჩაატაროს;
გ) უზრუნველყოს დაკავებული ან დაპატიმრებული პირის დაცვა და საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანა;
დ) შეასრულოს საგამოძიებო ქვემდებარეობით პროკურორისა და გამომძიებლის წერილობითი დავალებები და მითითებები საგამოძიებო მოქმედებების შესრულებისა და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩატარების შესახებ, დაეხმაროს მათ საგამოძიებო მოქმედებების შესრულებისას;
ე) უბედური შემთხვევის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების შედეგად დაზარალებულ პირს, უმწეო მდგომარეობაში, ტოქსიკური, ნარკოტიკული ან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ პირს გაუწიოს გადაუდებელი დახმარება, თუ მას დაკარგული აქვს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი ან შეუძლია საფრთხე შეუქმნას საკუთარ თავს ან გარშემო მყოფთ;
ვ) აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები, მოსამართლის, პროკურორისა და გამომძიებლის დადგენილებები იმ პირების წარმოდგენის შესახებ, რომლებიც თავს არიდებენ სასამართლოში, პროკურატურაში ან საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, აგრეთვე აღასრულოს სასამართლოს, პროკურორისა და გამომძიებლის გადაწყვეტილებები პირის დაკავების ან დაპატიმრების შესახებ;
ზ) კანონიერი საქმიანობის განხორციელების პროცესში ითანამშრომლოს ადმინისტრაციული ორგანოების შესაბამის სამსახურებთან;
თ) საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი წესითა და ფორმით უზრუნველყოს სამხედრო ტყვეთა ბანაკების დაცვა და უსაფრთხო ფუნქციონირება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/26.md
